logo
ENG



უკრაინაში პეტიციით მოითხოვენ, რუსეთს "მოსკოვია" დაერქვას

11 მარ 202312:19
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/11/npbr46qjvlsxzet.jpg

უკრაინაში შეიქმნა ელექტრონული პეტიცია, რომლითაც მოითხოვენ, რომ "რუსეთს" ოფიციალურად დაერქვას "მოსკოვია" და ტერმინები "რუსული" ჩანაცვლდეს "მოსკოვურით", ხოლო "რუსეთის ფედერაცია" გახდეს "მოსკოვის ფედერაცია". აღნიშნული პეტიცია უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც განიხილა.

პეტიციამ 25 ათასზე მეტი ხელმოწერა დააგროვა და მისი ავტორი მიუთითებს, რომ რუსეთის ისტორიული სახელი არის "მოსკოვია".

"ეს სახელწოდება გამოიყენებოდა ევროპულ და რამდენიმე აზიურ ენებში. XVI-XIX საუკუნეების ბევრ ისტორიულ რუკაზე, რომლებიც ევროპაში მოსკოვის სამეფოს რუსეთის იმპერიად გადარქმევამდე და მის შემდეგ მზადდებოდა, ასევე ეს დასახელება ფიგურირებს", - აღნიშნულია პეტიციაზე.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აღნიშნული საკითხი მოითხოვს დეტალურ შესწავლას როგორც ისტორიულ, ისე კულტურულ კონტექსტში და შესაძლო საერთაშორისო სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით. ზელენსკის თქმითვე, უკვე მიმართა პრემიერმინისტრ დენის შმიგალს თხოვნით, ეს საკითხი სამეცნიერო საზოგადოებასთან ერთად ყურადღებით შეისწავლონ.

პეტიციას გამოეხმაურნენ რუსეთშიც. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ეს "ანტი-რუსეთის" შექმნის მცდელობაა.

"მებუნკერე [ასე უწოდებენ რუსეთში ხშირად ზელენსკის] ყოველდღიურად ამტკიცებს ჩვენს მართებულობას", - წერს ზახაროვა ტელეგრამში.


close დახურვა